გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში გივი ასკილაშვილის საცხოვრებელი სახლის სახურავმა თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. დაბზარულია სახლის კედლებიც. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა. ისინი არ დაშავებულან.
სახლი ერთსართულიანი იყო და საცხოვრებლად საშიშია. ასკილაშვილები ღამეს ახლობლებთან და მეზობლებთან გაათევენ.
„სტიქიისგან დაზარალებული ოჯახებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული გვაქვს. თუ ამ ოჯახის წევრი დასახმარებლად განცხადებით მოგვმართავს, ადგილზე ზარალის დამთვლელ სპეციალურ კომისიას გავაგზავნით, რის შემდეგაც შესაბამის დახმარებას გავუწევთ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გოგა პეტრუზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის გამო, რამდენიმე დღის წინ სოფელ წინანდალში საბავშვო ბაღის სახურავი ჩაინგრა, სოფელ კარდენახშიც საბავშვო ბაღის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, ყვარელში საცხოვრებელი სახლის სახურავი და სათავსოები დაინგრა. საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენშიც და თელავშიც.