ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა იმუნოგლობულინი არც სიღნაღის რაიონულ საავადმყოფოში აქვთ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის საავადმყოფოს დირექტორმა გოგი ნიკვაშვილმა განუცხადა, პაციენტებს გურჯაანის საავადმყოფოში აგზავნიან.
„იმუნოგლობულინი ამჟამად საავადმყოფოში არ გვაქვს. ერთი კვირა იქნება რაც გათავდა. ამ პერიოდში რამდენიმე პაციენტს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება დასჭირდა და ამიტომ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გავაგზავნეთ. ჩვენ ძირითადად ძაღლის, კატის და კურდღლისგან დაკბენილი პაციენტები მოგვმართავენ", - აღნიშნა გოგი ნიკვაშვილმა.
ძაღლის, კატის, კურდღლის, მელიის და სხვა ცხოველების მიერ დაკბენის შედეგად ადამიანი, შესაძლოა, ცოფით დასნებოვნდეს. ცოფი მწვავე ქირურგიული სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით და როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა, გამოცდილი ქირურგ-რაბიოლოგის ზედამხედველობით. 2011 წელს სიღნაღის რაიონულ საავადმყოფოში ცოფის საწინააღმდეგოდ 4089 აცრაა ჩატარებული. ნიკვაშვილის თქმით, საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, ცოფით დაავადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
შეგახსენებთ, რომ იმუნოგლობულინი არც თელავის რაიონულ საავადმყოფოში აქვთ, რის გამოც მგლისგან დაკბენილი ახალგაზრდა მამაკაცი აცრის ჩასატარებლად თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გააგზავნეს.