დიდთოვლობის გამო კახეთში 30-ზე მეტი სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ჩაკეტილია ერისიმედთან, ხორნაბუჯთან, უდაბნოსთან, კასრისწყალთან, დუმასტურთან, ხალაწანთან მისასვლელი გზები. კიდევ უფრო რთული ვითარებაა ხეობის და მთის სოფლებში.
გარესამყაროს არის მოწყვეტილი ახმეტის რაიონში ილტოს ხეობის ხუთივე სოფელი, ყვარლის რაიონში ინწობას ხეობის სამი სოფელი, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, საგარეჯოს რაიონში გომბორის ხეობის სოფლები, გურჯაანის რაიონში სოფლები ჭერემი, ზიარი და ფხოველი, დედოფლისწყაროს რაიონში ქედების ზონა. მთის სოფლებში თოვლის სიმაღლე ნახევარ მეტრს აჭარბებს და როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ისევ ინტენსიურად თოვს.
„ტექნიკა გზის გაწმენდას ქალაქში ვეღარ ასწრებს. ამიტომ ორხიდიანი მანქანები გამოგვყავს და თოვლს ისე ვკვალავთ, მოსახლეობამ გზაზე ფეხით სიარული მაინც რომ შეძლოს. პირველ ეტაპზე ცენტრალური ქუჩები გაიწმინდება, შემდეგ კი ილტოს ხეობის სოფლებთან დამაკავშირებელ გზას მივხედავთ. გუშინ სოფელ ჭართალას მაცხოვრებლებს საკვები პროდუქტები ჩავუტანეთ, რადგან სოფელი რაიონული ცენტრიდან თითქმის 25 კილომეტრით არის დაშორებული და ხალხი რაიონში ვეღარ ჩამოდის", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ.