გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სოფიკო ნიკოლაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე სოფიკო ნიკოლაშვილმა განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ სცნობს, მისმა ადვოკატებმა მაგული ღვალაძემ და მამუკა ნოზაძემ კი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში სოფიკოსთვის გირაოს შეფარდება მოითხოვეს 10 000 ლარის ოდენობით, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლის თქმით, სოფიკო ნიკოლაშვილს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და მისთვის პატიმრობაზე უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოძიებას ხელი შეეშალოს.
სოფიკო ნიკოლაშვილს ბრალი ედება პოლიციის თანამშრომლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და იარაღის უკანონოდ ტარებაში. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
წინასასამართლო სხდომა 2012 წლის 9 მარტს, 13:00 საათზე დაინიშნა.