გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში საბავშვო ბაღის სახურავის ნაწილმა თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად დამლაგებელი დაშავდა. 58 წლის ქალბატონი ფეხის მოტეხილობით საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გოგა პეტრუზაშვილმა განუცხადა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი მკურნალობის ხარჯების ნაწილს გამგეობა დაფარავს. „რაც შეეხება კიბის სახურავს, რომელიც ჩაინგრა, ხვალ მოხდება მისი დემონტაჟი და ახლიდან გადახურვა", - აღნიშნა პეტრუზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საბავშვო ბაღის სახურავმა თოვლის სიმძიმეს ვერც თელავის რაიონის სოფელ წინანდალში ვერ გაუძლო და ჩაინგრა. შემთხვევა შაბათ საღამოს მოხდა და არავინ დაშავებულა.