კახეთის საოლქო პროკურატურამ ჟურნალისტ სოფიკო ნიკოლაშვილს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით წაუყენა. სოფიკო ნიკოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს გურჯაანის რაიონული სასამართლო დღეს გადაწყვეტს.
სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 და 236 მუხლები სასჯელის სახით 7-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სოფო ნიკოლაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ დილით გაავრცელა. ინციდენტი 31 იანვარს, საღამოს, ქალაქ გურჯაანში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა, რის შემდეგაც სოფო ნიკოლაშვილი პოლიციაში თვითონ მიიყვანა და სამართალდამცავებს გადასცა.
გიორგი სიბაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მამამისი გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა, ბიძა გიორგი სიბაშვილი კი კახეთის ვიცეგუბერნატორია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მან გამომძიებელს უკვე მისცა ჩვენება, სადაც აღნიშნავს, რომ სოფო ნიკოლაშვილი გასული წლის გაზაფხულზე გაიცნო, მეგობრობდნენ და არავითარი კონფლიქტი არ ჰქონიათ; სოფო ნიკოლაშვილი მას 31 იანვარს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, შეხვედრის დროს კი მისი მოკვლა სცადა.
სოფიკო ნიკოლაშვილის მამის დავით ნიკოლაშვილის თქმით, გიორგი სიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან მან დანაშაული ჩაიდინა. „მან ჩემს შვილს შეურაცხყოფა მიაყენა. მიუხედავად ამისა, სოფოს მისი მოკვლა არ უნდოდა, კიდევ რომ ცდილობდა შეურაცხყოფის მიყენებას, გაისროლა", - აღნიშნა დავით ნიკოლაშვილმა.