დიდთოვლობის გამო კახეთის რეგიონში 20-მდე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ქარბუქის გამო ტექნიკა საავტომობილო გზების გაწმენდას ვერ ახერხებს.
გარესამყაროს არის მოწყვეტილი ყვარლის რაიონში ინწობას ხეობის სოფლები, გრძელჭალა, მერქნისცერი და ხევღრუმა, გურჯაანის რაიონში სოფლები ზიარი, ფხოველი, ჭერემი; სიღნაღის რაიონში სოფელი ერისიმედი; დედოფლისწყაროს რაიონში სამთაწყარო, ფიროსმანი და საბათლო; ახმეტის რაიონში კასრისწყალი, ილტოს ხეობის 5 სოფელი. გზა ჩაკეტილია პანკისის ხეობაშიც, ახმეტა მატანის მონაკვეთზე ძლიერი ქარბუქის გამო. ასევე, ჩაკეტილია ალვანთან და მაღრაანთან დამაკავშირებელი გზაც. საგარეჯოს რაიონში გარესამყაროს არის მოწყვეტილი გომბორის ხეობის სოფლები.
ნამქერია სოფელ უდაბნოსთან. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ჩალათაშვილმა განუცხადა, საჭიროების შემთხვევაში სოფელში სპეცტექნიკა შევა.
საავტომობილო გზებზე საპატრულო პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.