განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტს, 20 წლის სოფო ნიკოლაშვილს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის საოლქო პროკურორმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, გამოძიება 19/108 მუხლით მიმდინარეობს.
სამართალდამცავებმა სოფო ნიკოლაშვილი გუშინ საღამოს დააკავეს. კახეთის საოლქო პროკურატურა მას პოლიციის თანამშრომლის გიორგი სიბაშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. ინციდენტი გუშინ, საღამოს ქალაქ გურჯაანში მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა. პოლიციაში აცხადებენ, რომ სოფო ნიკოლაშვილს გიორგი სიბაშვილი უყვარდა. სოფო ნიკოლაშვილი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.