რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქციის 7 მონაწილე თბილისის საქალაქო სასამართლოში არიან გადაყვანილები.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის - წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, და 173-ე მუხლის - პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა - დარღვევა.
მუხლები ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
დღეს რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიციატივით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც აქციის ორგანიზატორების თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავს ეძღვნებოდა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ორჯელ სცადეს, რის შემდეგაც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 7 მონაწილე დააკავეს. აქციაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა.