სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე დღეს გამართული აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ ახალგაზრდული ორგანიზაციების საგანგებო მიმართვაშია ნათქვამი.
"თანასწორობის ინსტიტუტის" წარმომადგენელმა, მიხეილ მესხმა განაცხადა, რომ დღეს გაიმართება დაკავებულთა ადმინისტრაციული სასამართლო პროცესი და ახალგაზრდებს მოუწოდებენ, მივიდნენ საქალაქო სასამართლოსთან და გააპროტესტონ უკანონო დაკავების ფაქტი.
მისივე თქმით, დაკავებულნი არიან: დავით ფაცაცია, მიხეილ მუმლაძე, ილია ჩაჩიბაია, ჯაბა ჯიშკარიანი, ირაკლი ბერაია, ზაზა სვანაძე და კობა ცერცვაძე.
სავარაუდოდ, დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლებით გაასამართლებენ.
რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიციატივით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც თავად აქციის ორგანიზატორების თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავს ეძღვნებოდა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ორჯერ სცადეს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კი, გაფრთხილების შემდეგ, აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. აქციაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა.