საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს მაცხოვრებლებმა, პროტესტის ნიშნად, 30 ლარიანი ვაუჩერების მიღებაზე უარი თქვეს. მოსახლეობა სოფლის სახნავ - სათესი და საძოვარი მიწების გასხვისებას აპროტესტებს. მათ წერილით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს, სადაც პროტესტის უკიდურესი ზომების მიღებით იმუქრებიან.
„იორმუღანლოში რამდენიმე ათასი ოჯახი ვცხოვრობთ, 20 ათასამდე ადამიანი. აქედან 98 პროცენტი ეროვნებით აზერბაიჯანელია. ჩვენ წაგვართვეს მიწები და გადასცეს ვიღაც გაურკვეველი წარმოშობის შპს-ს. მიწის ნაკვეთი მთლიანად შეადგენს 5 100 ჰექტარს და მოიცავს საგარეჯოს რაიონის 6 სოფლის ტერიტორიას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მთელი ეს მიწის ნაკვეთი, შპს „Georgia project - 2"-ს ხუთ მილიონ ლარად მიყიდეს", - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს იორმუღანლოს მაცხოვრებლებმა, რომლებმაც წერილით საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართეს.
„ბატონო პრეზიდენტო, რად გვინდა 30 ლარიანი ვაუჩერი მიწის გარეშე? ჩვენ არც პოლიტიკოსები ვართ და არც გვაინტერესებს ასეთი რამ, მაგრამ როცა საარჩევნო პერიოდი ახლოვდება, მაშინ ვახსენდებით ყველას, მაგრამ ეტყობა ამჯერად არც ამისთვის ვართ საჭირო და ჩვენს მიმართ საკითხი გადაწყვეტილია. მიგვაჩნია, რომ ჩვენ განწირულები ვართ საშიმშილოდ. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ უარს ვამბობთ იმ ოცდაათლარიან ვაუჩერებზე, რომლის დარიგებაზე ერთი აჟიოტაჟია ატეხილი, რადგან ის როგორც თქვენ ბრძანებთ, უნდა გამოგვეყენებინა მიწის მოსახნავად. ეხლა მიწა ჩვენ აღარ გვაქვს და არც მოწყალებას ვიღებთ ვინმესგან. ჯერ იყო და აღნიშნული მიწა იჯარით მოგვცეს 25 წლის ვადით, უამრავი თანხა გადაგვახდევინეს ბიუჯეტში, შემდეგ იჯარა გაგვიუქმეს. არცერთი წელი მიწა არ გაგვიცდენია, ვამუშავებდით, მოგვყავდა სოფლის მეურნეობის პროდუქტები როგორც ოჯახებისთვის, ასევე ქვეყნისთვის. გთხოვთ, რომ აღნიშნული საქმე საკუთარ კონტროლზე აიყვანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართავთ და თოთოეულ მტკაველ მიწას დავიცავთ", - ნათქვამია პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ჩალათაშვილმა განუცხადა, ის მიწა რაზედაც იორმუღანლოს მაცხოვრებლები დავობენ, სახელმწიფოს საკუთრებაში იყო და ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა.
„იორმუღანლოს მაცხოვრებლები მიწის გარეშე არ დარჩენილან. მაგათი მიწები არ გაყიდულა, ეს იყო ყოფილი საბჭოთა მეურნეობის მიწები, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაყიდა. ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა, 5 500 000 ლარი შემოვიდა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს მიწები ინგლისელმა მეწარმემ შეიძინა, მაგრამ არ ვიცი რა დანიშნულებისთვის სჭირდება, ჯერ შეხვედრა არ მქონია.
აზერბაიჯანელებს საქართველოში საუკეთესო მიწები აქვთ ივრის ხეობაში, ჭალის მიწები. თითო ოჯახს 2 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ფაქტიურ მფლობელობაში აქვს და სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ მალე საკუთრებაში გადაეცეთ. მიწები, რომლებიც გაიყიდა, მათ იჯარით ჰქონდათ აღებული, მაგრამ იჯარას ვადა გაუვიდა. ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროსთვის უნდა მიემართათ, რომ ან იჯარა გაგრძელებულიყო, ან სამინისტროს განემარტა, რომ მიწას იჯარით აღარ აძლევს, მაგრამ არ მიუმართავთ. შეიძლება 5 ადამიანი უკმაყოფილო იყოს და ვაუჩერის აღებაზე უარი თქვას, მაგრამ ვიცი, რომ იორმუღანლოს მოსახლეობამ ვაუჩერები აიღო და კმაყოფილებიც არიან," - განუცხადა საგარეჯოს გამგებელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.