გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ექვსფეხა ბატკანი დაიბადა. ბატკანი ერთდროულად დედალიც არის და მამალიც.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მეცხვარემ ალბერტ აბაჯანოვმა განუცხადა, 25 წელია მას ცხვარი ჰყავს და ასეთი შემთხვევა არ ჰქონია. „სხვა მეცხვარეებსაც ვკითხე, თქვენთან თუ მომხდარა ასეთი რამე მეთქი და ყველას გაუკვირდა. სამფეხა ბატკანი დაბადებულა, ცალთვალაც, ოთხი რქა რომ ჰქონია ისეთიც, მაგრამ ექვსფეხა და თან ქალაბიჭა პირველი შემთხვევაა. ბატკანი ჩვეულებრივად იკვებება. გადაადგილების დროს აქვს პრობლემა, ცოტა კოჭლობს", - აღნიშნა ალბერტ აბაჯანოვმა.
ვეტერინარი ავთო ზარდიაშვილი ამბობს, რომ ექვსფეხა ბატკანის დაბადება ანომალიაა. „ტყუპიანობა იქნებოდა და ემბრიონების შერწყმა მოხდა ალბათ, რამაც ასეთი ბატკანის დაბადება გამოიწვია", - განაცხადა ვეტერინარმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დედოფლისწყაროში სამფეხა კატა დაიბადა.