საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, საკალათბურთო „არმიამ" კიდევ ერთ ჯილდო მოიგო. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელების მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალური ტურნირის ფინალში „არმიამ" შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი 99:83 დაამარცხა. გამარჯვებულთა ამერიკელი გამთამაშებელი ბენჯამინ ვუდსაიდი მემორიალის საუკეთესო უკანახაზელად დასახელდა, ხოლო მსუბუქ ფორვარდ ჯერემი რიჩარდსონს საუკეთესო ფორვარდისთვის დაწესებული პრიზი ერგო.
თამაშის ინტრიგა უკვე პირველ ტაიმში მინიმუმამდე შემცირდა. შეხვედრის დასაწყისი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მომავალმა გამარჯვებულებმა საწყისი 10 წუთის 7 ქულით მოგება შეძლეს, მეორე პერიოდი კი იმდენად მძლავრად ჩაატარეს, რომ დიდი შესვენების წინ უკვე 27 ქულით იგებდნენ - 55:28.
მეორე ტაიმში თამაში შედარებით გათანაბრდა და შსს შეტევაში უფრო ნაყოფიერად ათამაშდა, თუმც სამწამიან არეალში მეტოქის უპირატესობის გაბათილება ვერ შეძლო და სხვაობის რამდენამდე შემცირების შემდეგ საბოლოოდ 15 ქულით დათმო.
გამარჯვებულის პრიზი „არმიის" ვეტერან კაპიტანს ზვიად ბაბიაშვილს გადასცა ქორქიათა საკალათბურთო ოჯახის კიდევ ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა ნოდარ ქორქიამ, რომელიც ლეგენდარული ოთარ ქორქიას შვილი და მიხეილ ქორქიას ბიძაშვილი გახლავთ.