ფეხბურთის მეფედ შერაცხული ბრაზილიელი პელე არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევ ლიონელ მესის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ არ თვლის.
"მესიმ ჯერ 1283 გოლი გაიტანოს და სამჯერ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს. აი, მაშინ ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ ისინი დაამხო, მაგრამ ჩემი მიღწევების გაუმჯობესება ძნელი იქნება. ხალხი გამუდმებით მეკითხება, თუ როდის დაიბადება ახალი პელე. არასოდეს! ჩემმა მშობლებმა ფაბრიკა უკვე დახურეს", - იუწყება პელეს სიტყვებს ფრანგული გამოცემა lemonde.fr-ი.
გარდა ამისა, პელემ მესისთან დაკავშირებით შემდეგი თქვა:
"24 წლის მესისა და 71 წლის პელეს ერთნაირი ტექნიკა აქვთ, რომლითაც ისინი ღმერთმა დაასაჩუქრა. როდესაც ბურთს ვიღებდი, არავინ იცოდა, რომელი ფეხით დავარტყამდი. გარდა ამისა, ბევრი გოლი თავით გავიტანე. მესი მომწონს, რადგან ის დიდი ფეხბურთელია. მართალია, მესიმ "ბარსელონაში" ბევრს მიაღწია, მაგრამ არგენტინის ნაკრებთან ერთად წარმატება არ ჰქონია".