დღეს, 20 იანვარს, საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და მისი დამხმარე კრის გიბსი თბილისში ჩამოვლენ. ახალზელანდიელი სპეციალისტები 2-წლიან სამუშაო კონტრაქტს გააფორმებენ დამატებით 2-წლიანი გაგრძელების შესაძლებლობით.
გიბსი წელს საქართველოში 7 თვეს დაყოფს. "ვაიკატოსთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი, 2013 წლიდან, საქართველოში ერთ წელიწადს იმუშავებს.
მწვრთნელები ევროპის ერთ თასის სამზადისს 30 იანვრიდან შეუდგებიან.
"ბორჯღალოსნებს პირველი თამაში 4 თებერვალს, უკრაინასთან დნეპროპეტროვსკში ელით, შემდეგი შეხვედრა - მადრიდში, ესპანელი "ლომების" წინააღმდეგ. პორტუგალიელებს 25 თებერვალს, თბილისი უმასპინძლებს; გასვლითი მატჩი რუმინელებთან 10 მარტს, ბუქარესტში გამართება. ხოლოდ ევროპის ერთა თასის ბოლო შეხვედრა თბილისში 17 მარტს რუსეთის წინააღმდეგ შედგება.
ჰეიგი და გიბსი, ნაკრების გარდა, სარაგბო აკადემიაშიც იმუშავებენ, სადაც სწავლება სრულიად ახლებური სისტემით წარიმართება. სპეციალისტები კონსულტირებას გაუწევენ როგორც ახალგაზრდულ ნაკრებებს, ასევე კლუბების მწვრთნელებს. კონტრაქტის თანახმად, ყოველი წლის ბოლოს მოხდება გაწეული მუშაობის შეფასება. სწორედ ამ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული კონტრაქტის შემდგომი გახანგრძლივება. ჰეიგი იმედოვნებს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მისი დამრიგებლობის პირველ 12 თვეში იტალიისა და შოტლანდიის დონეზე აიყვანს.
"ვფიქრობ, ქართველი ბიჭები ამას ადვილად შეძლებენ. მსოფლიო თასის დროს მათ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს შოტლანდიას, არგენტინას და თვით ინგლისსაც კი. საქართველოს ნაკრები საკმაოდ ძლიერია შერკინებაში. დაცვის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ვფიქრობ, სწრაფად მოვახერხებთ. მაგრამ, ჩემი აზრით, უმთავრესი სამუშაო არეალი შეტევა უნდა გახდეს. მსოფლიოზე ბიჭებმა მხოლოდ სამი ლელო დადეს, არადა, სივრცე რომ დაენახათ, გაცილებით მეტ ქულას მოიპოვებდნენ", - განაცხადა ჰეიგმა 4 იანვარს "საუთლენდ ტაიმსთან" ინტერვიუში.
ახალზელანდიელი სპეციალისტები კმაყოფილი არიან საერთაშორისო დონეზე მუშაობის შესაძლებლობით.
"ნაკრების მომზადება მსოფლიო თასისთვის ნებისმიერი მწვრთნელის კარიერის კულმინაციაა. საამისოდ, საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გავიაროთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, ამას იოლად შევძლებთ", - ამბობს ჰეიგი.
ახალზელანდილებთან ერთად იმუშავებს ორი ქართველი - ილია მაისურაძე და ილია ზედგინიძე, რომელმაც წლევანდელ მსოფლიოზე მორაგბის სანაკრებო კარიერა დაასრულა.
მწვრთნელები თბილისში თურქეთის ავიახაზების რეისით 17:35 საათზე ჩამოვლენ.