ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი ავტობიოგრაფიულ წიგნს წერს და სხვა მრავალ თემასთან ერთად თანამედროვე მოთამაშეებსაც განიხილავს.
მისი აზრით თანამედროვე ეპოქის კალათბურთელებიდან კობი ბრაიანტი ერთადერთია, რომელიც მასთან შედარებას იმსახურებს. ჯორდანის ავტობიოგრაფიულ წიგნზე მუშაობს ცნობილი საკალათბურთო მწერალი რონალდ ლეზენბი, რომელმაც ლეგენდის სიტყვები გაახმოვანა: „მაიკლს არ უთქვამს, რომ კობი ბრაიანტი მასზე უკეთესია. მან მხოლოდ ეს აღნიშნა - კობი ერთადერთია, რომელმაც იმ მოცულობის სამუშაო შეასრულა და საკმარის წარმატებას მიაღწია, რომ მისი ჩემთან შედარება შეიძლებაო. მაიკლ ჯორდანმა თავისი თამაშით ხალხს აიძულებდა, მასზე ეფიქრათ, როგორც არა ადამიანზე, არა ძლიერ სპორტსმენზე, არამედ უფრო ამაღლებულზე და გარკვეულწილად იგივეს გამეორება მხოლოდ ბრაიანტმა შეძლო. ამას გულისხმობს ბრაიანტთან მიმართებაში."
მაიკლდ ჯორდანმა 2003 წელს, ზუსტად 40 წლისამ მესამედ და საბოლოოდ დაანება თავი ნბა-ში თამაშს და დატოვა ძალიან ბევრი რეკორდი, რომელთა გაუმჯობესება დღესაც ბევრს არარეალურ ამოცანად ესახება. მას კარიერის განმავლობაში რამდენჯერმე მოუწია კობი ბრაიანტის წინააღმდეგ თამაში და ურთიერთდაპირისპირებაში შეიცნო 15 წლით უმცროსი ვარსკვლავის ნიჭი.
ამ ორ კალათბურთელის მიღწევათა სტატისტიკურ შედარებაში ჯორდანი ბრაიანტზე წინ დგას, ნბა-ს სხვა ვარსკვლავებს, განსაკუთრებით ამ ამპლუის მოთამაშეებს კი თუნდაც ბრაიანტის შედეგებამდე საკმაოდ ბევრი აკლიათ.