18 იანვარს ქუთაისის ცენტრალური სტადიონის სადღესასწაულო დარბაზში ვისოლ ჯგუფმა "ტორპედო ქუთაისის" გუნდის ახალი შემადგენლობა წარადგინა და ვეტერან ფეხბურთელებს, სევასტი თოდუასა და გიორგი მეგრელაძეს, გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყო. ვისოლ ჯგუფის სახელით, სევასტი თოდუასა და გიორგი მეგრელაძეს სპეციალურად მათთვის შექმნილი "ოქროს ბუცი" გადაეცათ.
"მინდა, ვეტერან ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო. მათი დამსახურებაცაა, რომ გუნდი ამჟამად ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ადგილზეა. რაც შეეხება გუნდის ახალ შემადგენლობას, ვფიქრობდით, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება და ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს შეემატნენ, დაგვეხმარებიან დასახულ მიზანს მივაღწიოთ", - აცხადებს "ტორპედო ქუთაისის" მწრთვნელი გია გეგუჩაძე.
"ტორპედო ქუთაისის" გუნდს ახალი წევრები - დათა რიგვავა ზუგდიდის "ბაიადან", გიორგი ლემონჯავა ფოთის "კოლხეთიდან", ნიკა ფირცხალავა "დინამოდან", ალექსანდრე კვახაძე "მეტალურგიდან", ვალერი ბოლქვაძე, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ქუცურუა "სიონიდან" კიდევ უფრო გააძლიერებენ და დასახული გეგმების მიღწევაში დაეხმარებიან.
გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით კლუბი წარმატებით ასპარეზობს უმაღლეს ლიგაში და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ადგილზეა. "ტორპედო ქუთაისში" გია გეგუჩაძის მისვლიდან მხოლოდ სამი თვე გავიდა. გუნდმა კი ამ ხნის განმავლობაში 14 ოფიციალური მატჩიდან ცხრა მოიგო და სამი ფრედ დაასრულა.
"ტორპედო ქუთაისის" ევროპული ყაიდის კლუბად ჩამოყალიბების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ამაზე მეტყველებს ის, რომ კლუბის წარმატება ვისოლის გარდა სხვა მსხვილმა კომპანიებმაც ირწმუნეს და მისი სპონსორები გახდნენ. მათი რიცხვი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. კლუბს საქართველოში ნომერ პირველი მწვრთნელი ხელმძღვანელობს და შედეგი, რომელიც დღეს ეროვნულ ჩემპიონატზე გვაქვს, მის სწორ ტაქტიკაზე მეტყველებს. კლუბს იდეალური სავარჯიშო პირობები აქვს, გუნდის ახალი შემადგენლობა კი დასახული გეგმების მიღწევაში დაგვეხმარება. მინდა კლუბის წარმატებაში ვეტერანი ფეხბურთელების სევასტი თოდუასა და გიორგი მეგრელაძეს წვლილი აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო მათ თავდადებისთვის", - აცხადებს "ტორპედო ქუთაისის" პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.
35 წლის ცენტრალურ მცველს სევასტი თოდუას "ტორპედო ქუთაისის" შემადგენლობაში 202 ოფიციალური მატჩი აქვს ნათამაშები, რომელთა დიდ ნაწილში იგი გუნდის კაპიტანი იყო. 33 წლის ფორვარდ გიორგი მეგრელაძემ ქუთაისურ კლუბში 9 საფეხბურთო სეზონი გაატარა და ჩემპიონატის 230 მატჩში 112 გოლის გატანა შეძლო.
ვისოლ ჯგუფმა "ტორპედო ქუთაისზე" მზრუნველობა 2010 წლიდან ითავა და მისი განვითარებისთვის მილიონობით ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჯგუფმა ევროპული სტანდარტის სპორტული ინფრასტრუქტურა შექმნა "ტორპედოელებისთვის" იდეალური სავარჯიშო პირობების შესაქმნელად და მომავალი პროფესიონალი ფეხბურთელების აღსაზრდელად ბავშვთა აკადემიასაც აშენებს.