კახეთის რაიონის გუბერნატორის, გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, ყვარლის რაიონის სოფელ გრემის მიმდებარე ტერიტორიაზე 6-7 ჰექტარი ტერიტორია იწვის. როგორც ღვინიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, ადგილზე მობილიზებულია ადგილობრივი და თბილისის სამაშველო სამსახური, ასევე მოსახლეობაც და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის.
გუბერნატორის განცხადებით, ცეცხლი კავკასიონის ქედთან ახლოს, კლდოვან და ძნელად მისადგომ ადგილზე გაჩნდა.
"მობილიზებულები ვართ, რათა სიტუაცია არ გამწვავდეს. არ არის საშიშროება, რომ ცეცხლი ტყეს ან სოფელს მოედოს. ცეცხლი ნაყარ შეშას უკიდია და ის ტყეზე გავრცელებული არ არის", - განაცხადა ღვინიაშვილმა.