ბარსელონაში შეკრებაზე მყოფმა თბილისის „დინამომ" პირველი საკონტროლო მატჩი გამართა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა. თბილისური კლუბის მეტოქე ალჟირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი „კაბილი" იყო, რომელიც აფრიკული ქვეყნის 14-გზის ჩემპიონი და 5-გზის თასის მფლობელია. მატჩის ერთადერთი გოლი ესპანელმა ლეგიონერმა მიკელ ალვარომ გაიტანა, რომელმაც ამხანაგური მატჩის დასრულებამდე ოცი წუთით ადრე საჯარიმო დარტყმით აიღო მეტოქის კარი.
„დინამოს" მწვრთნელ ალექს გარსიას საშუალება მიეცა, მის განკარგულებაში მყოფი ყველა ფეხბურთელი გამოეცადა და მანაც პირველი ტაიმის შემდეგ თითქმის მთელი გუნდი შეცვალა.
„დინამოში" პირველად ითამაშეს ესპანელმა ლეგიონერმა ანდრეუ გერაუმ და მშობლიურ კლუბში დაბრუნებულმა გიორგი მერებაშვილმა. გუნდს ბარსელონაში რამდენიმე დღეში შეუერთდება კიდევ ერთი ახალწვეული გოგიტა გოგუა, რომელმაც „დინამოსთან" რამდენიმე დღის წინ გააფორმა კონტრაქტი.
„დინამო" შემდეგ ამხანაგურ თამაშებს გამართავს ესპანურ კლუბებთან, პრიმერადივიზიონის წარმომადგენელ „ესპანიოლთან" და მესამე ლიგის გუნდ ტერასასთან.