ბოლო 2 დღის განმავლობაში თელავის რაიონში ხანძრის 14 შემთხვევა დაფიქსირდა. ხანძრის შედეგად, ძირითადად, ვენახები და ატმის ბაღები დაიწვა.
„სოფელ რუისპირში ნახევარი ჰექტარი ვენახი დაიწვა. ვენახები დაიწვა ასევე სოფლებში, კონდოლსა და წინანდალში, ატმის ბაღები კი იყალთოში, რუისპირსა და ვანთაში. ხანძრის შედეგად მეპატრონეებმა მართლა სერიოზული ზარალი მიიღეს. ცეცხლი ვენახებსა და ატმის ბაღებს დამწვარი ფოთლებიდან გაუჩნდა. ხშირად გვაქვს ისეთი გამოძახებებიც, როდესაც ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. ამიტომ მოსახლეობას ვთხოვთ, დასუფთავების სამუშაოების დროს უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და თუ ხანძრის დამორჩილება არ შეუძლიათ, ხმელ ბალახს ნუ დაწვავენ," - აღნიშნა თელავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ახალმოსულიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 10 იანვარს, გურჯაანის რაიონში ხანძრის 18 შემთხვევა დაფიქსირდა. სოფლებში რამდენიმე ჰექტარი ატმის ბაღი და ვენახი დაიწვა.