აჭარაში არსებულ მუზეუმ-ნაკრძალს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გააკონტროლებს. "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.
ცვლილებების თანახმად, მუზეუმ-ნაკრძალი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე დაფუძნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ხოლო მის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ცვლილებები ასევე არეგულირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ძეგლის მესაკუთრის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს წინაშე არსებულ ვალდებულებებთან, აგრეთვე აღნიშნული უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებს.