დღეს, 20 დეკემბერს, 10:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის სამედიცინო ამბულატორიაში, ძუძუს კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები იმ ქალებს ჩაუტარდებათ, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიულ ორგანოში არიან დარეგისტრირებულნი და ამგავრი გამოკვლევების ჩატარების სურვილი აქვთ.
ძუძუს კიბოს სკრინინგის ფარგლებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები 40-70 წლამდე ქალებს ჩაუტარდებათ, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება 25-60 წლამდე ქალებს შეეძლებათ.
ბერძნული სამედიცინო ფონდი "ჰიპოკრატე" ახორციელებს სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დაფინანსებულ სკრინინგის პროგრამას, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტში უკვე 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და მომავალში აღნიშნულ მომსახურებას, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავს.
ამ ეტაპზე ფონდი "ჰიპოკრატეს" მიერ სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ საგურამო-გალავანის, ნატახტარი-მისაქციელის, წილკანისა და მცხეთის მკვიდრ ქალებს.