დღეს, 20 დეკემბერს, 12:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში ადმინისტრაციული სახლის გახსნა იგეგმება. აღნიშნული შენობა ორსართულიანია, სადაც განთავსებულია როგორც სოფლის რწმუნებულის ოფისი, აგრეთვე სოფლის მოსახლეობისთვის საჭირო სხვადასხვა მომსახურების განყოფილებები, როგორიცაა მაგალითად - საპენსიო მომსახურების განყოფილება, სამხედრო რეგისტრაციის ოთახი და სხვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ადმინისტრაციული სახლის პირველ სართულზე განთავსდება სამედიცინო ამბულატორია, რომელიც სოფელში ამ დრომდე ფუნქციონირებდა, თუმცა მედპერსონალს მუშაობა შენობის ავარიულობის გამო გაუსაძლის პირობებში უწევდა.
სოფელ ძალისის ყოფილი მეურნეობის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ადგილობრივი ბიუჯეტის და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის -"Helleni-Care" თანადაფინანსებით განხორციელდა. შენობის საერთო ფართი 200 კვ.მ-ია, სადაც თოთოეულ სართულზე 10 ოთახია განლაგებული. შენობას სამშენებლო სამუშაო თანამედროვე, მაღალი სტანდარტებით ჩაუტარდა.
ძალისის ადმინისტრაციული სახლის გახსნას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად , აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გრანტირებული ჰუმანიტარული ორგანიზაციები: "Counter Part International" "UMCOR"-(რომელიც ძალისის საჯარო სკოლის 300 მოსწავლეს საჩუქრად გადასცემს სასკოლო გამოყენების კომპლექტებს) "ACT-s Georgia" "Helleni-Care" "IRD". აგრეთვე, ამერიკის საქველმოქმედო ორგანიზაცია : "LDS-Charities" წარმომადგენლები ( დევიდ და ჯოდი რისები) დაესწრებიან.