გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში 300-მდე ოჯახს 4 თვეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. სასმელი წყლის სათავე ნაგებობა 21 აგვისტოს, სტიქიის შედეგად დაზიანდა და მას შემდეგ მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა.
„სტიქიის დროს მოვარდნილმა ხევმა სასმელი წყლის სათავე ნაგებობა ძალიან დააზიანა. შემკრები ნაგებობა ჩაინგრა და ტალახით და ნატანით ამოივსო. ამ დრომდე არავის არაფერი გაუკეთებია", - აღნიშნეს სოფელ ჩუმლაყის მაცხოვრებლებმა.
სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის აბო კასრელიშვილის განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოები 2 დღეა რაც დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება. „ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 ათასი ლარი გამოიყო. სამუშაოები აქამდე იმიტომ ვერ სრულდებოდა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას დრო უნდა და ველოდებოდით. გარდა ამისა არ გვქონდა შესაბამისი ტექნიკაც. თქვენ იცით, რომ სტიქიამ ყვარლის რაიონი ძალიან დააზარალა და მთელი კახეთის ტექნიკა იქ მუშაობდა", - განაცხადა აბო კასრელიშვილმა.