დღეს, 13 დეკემბერს, სამი ახალგაზრდა ქართველი პიანისტი - ბარბარე თათარაძის (8 წლის), ილია ლომთათიძის (8 წლის) და გვანცა ქობალიას (14 წლის) - პარიზში საზეიმო გალაკონცერტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პიანისტთა საერთაშორისო ფონდის SOS TALENTS-ის მხარდასაჭერად ეწყობა.
კონცერტი მარსელ დასოს სასახლეში, ელისეის მინდვრებზე გაიმართება. ქართველი პიანისტების ხელშეწყობის მისია ცნობილი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის აქტიური მონაწილეობით გახდა შესაძლებელი. ქართველებთან ერთად SOS TALENTS წელს სხვადასხვა ქვეყნის 7 ახალგაზრდა პიანისტი წარმოადგენს.
ფონდი SOS TALENTS 10 წლის წინ ცნობილმა მუსიკოსმა და პედაგოგმა მიშელ სონიმ დააარსა. ფონდის ძირითადი იდეაა ახალგაზრდა ნიჭიერ პიანისტთა ხელშეწყობა საერთაშორისო სცენაზე დასამკვიდრებლად და მათი მუსიკალური კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა. ამჟამად ფონდში ირიცხება 12 წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან, ბევრი მათგანი კი ამავე ფონდის სტიპენდიანტია.