ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ - მუზეუმის დირექტორის ანზორ მაძღარაშვილის თქმით, ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას", რომელიც „სოტბის" აუქციონზე 500 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, გედევანიშვილებმა 30-იან წლებში „თეთრი დუქნიდან" იყიდეს.
„ერთი თვის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახატი ლონდონის „სოტბის" აუქციონზე 500 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ოჯახმა ფიროსმანის ნახატი თავის დროზე ეტყობა სიმბოლურ ფასად, 100 მანეთად შეიძინა, მეტი არ ეღირებოდა 30-იან წლებში. აღნიშნული ნახატი გედევანიშვილების ოჯახში მე 60-იან წლებში მაქვს ნანახი. დიდი ხანია, რაც მაგ ოჯახთან არავითარი კონტაქტი აღარ მქონია, რადგან მუზეუმს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. საერთოდ, ეს ნახატი ძალიან იაფად გაიყიდა. ფიროსმანის ნახატისთვის ეგ თანხა არაფერი არ არსის და ექსპერტებიც ამ აზრზე არიან. რაც შეეხება ნახატის საზღვარგარეთ გაყიდვას, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ნახატი მუზეუმში მოხვედრილიყო, მაგრამ სამწუხაროა, რომ კერძო კოლექციებში ხვდება. ნახატის ახალი მეპატრონის ვინაობა ჯერ უცნობია. გვინდა, რომ როგორმე დავადგინოთ ვინ არის, ეს ჩვენი აუცილებელი მოვალეობაა, რათა ვიცოდეთ ნამუშევარი ამჟამად სად არის", - აღნიშნა ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ - მუზეუმის დირექტორმა ანზორ მაძღარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ლონდონში, აუქციონის წესით 600 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა ფიროსმანის ნახატი „ნაბდიანი მწყემსი წითელ ფონზე". წლების განმავლობაში ნახატი ცნობილი მხატვრის დავით კაკაბაძის ოჯახში იყო დაცული. ნახატის საქართველოდან გატანის და ლონდონში აუქციონზე გაყიდვის ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.