10 დეკემბერს, 13:30 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება ფილმის "პორტრეტი შებინდებისას" რეჟისორის, ანგელინა ნიკონოვასა და ფილმის თანაავტორისა და მთავარი როლის შემსრულებლის, მსახიობ ოლგა დიხოვიჩნაიას პრესკონფერენცია.
სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა საერთაშორისო კინოფესტივალებზე უკვე 10-ზე მეტი პრიზი მიიღო. ფილმი ნომინირებულია რუსეთის კინომცოდნეთა და კინოკრიტიკოსთა გილდიის პრიზზე "თეთრი სპილო". გამარჯვებულები 22 დეკემბერს გამოვლინდებიან.
ფილმის მთავარი გმირია მარინა, რომელიც დრამატული მოვლენების მორევში აღმოჩნდება. განცდილი დამცირება და ტკივილი მის მანამდე სტაბილურ, უზრუნველყოფილ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. მარინა შურისძიების შანსს ეძებს. ის ყოველდღე ბრუნდება ქალაქის გარეუბანში, სადაც საბედისწერო შეხვედრა შედგა. მაგრამ როდესაც ბოროტმოქმედს მიაგნებს, ბანალური შურისძიების ნაცვლად ახალგაზრდა ქალი სულ სხვა გზას ირჩევს.