გალერეა "ბაიაში" გაიხსნა გოგი ჩაგელიშვილის ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით "ზამთარია". დამთვალიერებელს საშუალება აქვს, იხილოს ზამთრის თემატიკაზე შექმნილი 20 ნამუშევარი. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, მხატვარი ამ გამოფენისთვის 2 თვის განმავლობაში მუშაობდა. მათი უმრავლესობა დღეს პირველად გამოიფინა.
"ძალიან მინდა ეს გამოფენა ნახონ ბავშვებმა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ფრინველი და ცხოველი მაქვს დახატული. ასევე, მაქვს ნამუშევრები, რომელიც ძველი თბილისის სახეს გვაძლევს", - აღნიშნა მხატვარმა.
ექსპოზიცია გალერეა "ბაიაში" 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.
საქართველოს დამსახურებული მხატვრის პერსონალური გამოფენები სხვადასხვა დროს თბილისში თანამედროვე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვში - ტრეტიაკოვის გალერეაში, ბარსელონაში - სახვითი ხელოვნების მუზეუმში და ბროკის გალერეაში, კანადისა და სტამბოლის გალერეაში იყო გამოფენილი.