სოფელ ალავერდის მოსახლეობა ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის მოხსნას ითხოვს. ალავერდის მაცხოვრებლები მეუფეს შევიწროვებაში ადანაშაულებენ და საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს კონფლიქტის გამწვავების თავიდან ასაცილებლად სასწრაფო გადაწყვეტილების მიღებას სთხოვენ.
„ეგ მეუფე კი არა ფეოდალია, რომელიც მიწით, ტყით და ქონებით ვერ ძღება. ყველაფერი წაგვართვა. თან მასხარად გვიგდებს. სისტემაზე, რომლითაც სოფელი სასმელი წყლით მარაგდება, მონასტრის დამთვალიერებლებისთვის ტუალეტს აშენებს. უკვე რამდენიმე თვეა წყალი არ გვაქვს, მიწის თხრის დროს მილები გაგლიჯეს და აღარ გააკეთეს. საძოვრებზე აღარ გვიშვებენ, ეს მიწები ეკლესიას ეკუთვნის და იქ საქონლის შეშვების უფლება არ გაქვთო. არც ტყეში გვიშვებენ, რომ ფიჩხი მოვაგროვოთ. ამას წინათ ეს ფაქტები გავაპროტესტეთ, თქვენი ჟურნალისტი მოვიწვიეთ და ყველაფერი გააშუქა. იმის შემდეგ უფრო გამწარდა. ეკლესიაში შემოსული არ დაგინახოთო. ვინ მისცა მაგას ეკლესია? მაგან ააშენა, მისი საკუთრებაა თუ რა არის? ეგ როგორი მორწმუნეა, ეკლესიის უკან, გალავანთან ახლოს, საფლავები ამოთხარა, ღვინის მარანში შესასვლელად გზა რომ გაეყვანა. პატრიარქს ვთხოვთ, რომ სასწრაფოდ დაინტერესდეს ამ საქმით, თორემ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. თუ ამან ჩვენი შევიწროვება არ შეწყვიტა, მონასტერში აღარ შევუშვებთ და სოფლიდან გავაძევებთ. მოიყვანოს მერე იმდენი პოლიცია, რამდენიც უნდა. მთელ სოფელს ხომ არ დაგვიჭერენ?", - განუცხადეს ალავერდის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
მათივე თქმით, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს წერილს კვირის ბოლომდე გაუგზავნიან.
შეგახსენებთ, რომ ახმეტის რაიონის სოფელ ალავერდის მაცხოვრებლებმა მეუფე დავითის წინააღმდეგ პროტესტი ხმამაღლა პირველად 24 ოქტომბერს გამოთქვეს, როცა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაში სოფელ ალავერდში მცხოვრები 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებთან მონასტრიდან ალავერდის ეკლესიის მოძღვარი მამა იოსები გამოვიდა, თუმცა ჟურნალისტების დანახვისთანავე, მან ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
აქციის მონაწილეების თქმით, მანამდე მოძღვარმა უკმაყოფილო ხალხს უთხრა, რომ ისინი სექტანტები არიან და ეკლესიას ამიტომ ებრძვიან. „ეკლესიაში შევდივართ, ვლოცულობთ, სანთელს ვანთებთ, ქრისტიანი მართლმადიდებლები ვართ. ეგენი სექტანტებს იმიტომ გვეძახიან, ხმა რომ ამოვიღეთ", - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
აქციის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, პოლიციამ ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეები აყარა, ფაცხები კი დაშალეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შს ახმეტის რაიონულ სამმართველოში განუცხადეს, ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყვანის მოთხოვნით პოლიციას ალავერდის ეპისკოპოსმა მიმართა.
კონფლიქტთან დაკავშირებით მეუფე დავითი კომენტარს არ აკეთებს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი საპატრიარქოს პრესსამსახურთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე არავინ პასუხობს.
თუ მეუფე დავითი ან საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური განმარტების გაკეთების სურვილს გამოთქვამენ, კახეთის საინფორმაციო ცენტრი მზად არის მათი პოზიცია გამოაქვეყნოს.