თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დღეს კინოთეატრ "ამირანში", ქეთი მაჭავარიანის ფილმის „მარილივით თეთრის" ჩვენება 21:00 საათზე მოეწყობა.
ფილმის მთავარი გმირია ჭიათურელი ოფიციანტი ნანა, რომელიც ზღვის სანაპიროზე მუშაობს და ჭიათურაში კაფის გასახსნელად ფულს აგროვებს. მთავარი პერსონაჟები არიან ასევე უსახლკარო გოგონა სოფო და პოლიციელი ნიკო, რომლებიც ნანას გზაზე იკვეთებიან.
ფილმში ნაჩვენებია სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათის მქონე ადამიანი - სამივე ცდილობს შეცვალოს თავისი ცხოვრება.
ფილმში მონაწილეობენ ნინო ქორიძე, გაგი სვანიძე, გიორგი ყიფშიძე, გიორგი გიორგანაშვილი და სხვები. კომპოზიტორია გიო ცინცაძე.
აღსანიშნავია, რომ ფილმის პრემიერა შედგა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე, საკონკურსო პროგრამაში "დასავლეთის აღმოსავლეთი", ფილმი მიწვეული მონრეალის, ტალინის, მანჰეიმის ფესტივალებზე.
ნაჩვენები იყო კალკუტის, სკოპიეს, მონპელიესა და კოტბუსის ფესტივალების
საკონკურსო ჩვენებებზე. კოტბუსში ფილმი დაჯილდოვდა 2 პრიზით - საუკეთესო დებიუტისათვის და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
2012 წელს ფილმი უკვე რამდენიმე ფესტივალზეა მიწვეული.