ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელაში მოსწავლეებმა მდინარე ბაისუბნის ნაპირებზე საძვალე შენიშნეს, რომლის შესწავლის შემდეგაც გაირკვა, რომ სამარხი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 მე-2 საუკუნეებს განეკუთვნება.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სამარხი სავარაუდოდ მებრძოლისაა, რადგან მასში რკინის შუბი და თიხის ჭურჭელია ნაპოვნი.
„თუ შევხედავთ რა ფორმაზეა დამარხული გარდაცვლილი, ანუ ემბრიონის ფორმაში, როგორც ქრისტემდე მარხავდნენ და თუ იმასაც აღვნიშნავთ, რომ ნაპოვნია შავპრიალა ტიპის თიხაც, აღნიშნული სამარხი დაახლოებით მე-4 მე-2 საუკუნეებს მიეკუთვნება", - განაცხადა ლაგოდეხის გამგეობის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა აკაკი მჭედლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ თელაში მეწყერის შედეგად ჩვენს წელთაღრიცხვამდე I და II მეორე საუკუნეების უნიკალური ნივთები ერთი თვის წინაც აღმოჩნდა. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ელინისტური შავპრიალა თიხის ჭურჭელი, დოქები, ბრინჯაოს სამაჯურები და კალმის სამკაულები იპოვეს, რომლებიც ოქროს მტვრით არის დაფარული.
ადგილობრივები სოფელში არქეოლოგთა ჯგუფის ჩასვლას და სამარხის დეტალურად შესწავლას ითხოვენ.