"ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას ითხოვს.
ბაღათურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარი კანონპროექტიც წარმოადგინა, რომელიც პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების სამედიცინო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას გულისხმობს.
ქართული დასის ლიდერი საკუთარ მოთხოვნას 2 თებერვალს პარლამენტის წინ კიდევ ერთხელ გაახმაურებს. ბაღათურიას თქმით, ის პენსიების გაზრდის მოთხოვნით გამაფრთხილებელ აქციებს გამართავს.
"ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობისა და გაზრდილი უმუშევრობის გამო ქართული დასი მოითხოვს მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას, ანუ 150 ლარამდე და ღარიბი მოქალაქის სამედიცინო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას. ამ მოთხოვნით 2 თებერვალს, 13:00 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია", _ განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.