"არავითარი ფერადი რევოლუცია სამხრეთ ოსეთში არ იქნება", _ განაცხადა ოპოზიციურმა კანდიდტმა ალა ჯიოევამ რომელიც ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე თავის მომხრეებთან ერთად ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს.
"ადამიანები აქ შეიკრიბნენ გამარჯვების აღსანიშნავად და არა რევოლუციის მოსაწყობად. არავითარი ფერადი რევოლუცია სამხრეთ ოსეთში არ იქნება. ეს მშვიდობიანი და გამარჯვებული მსვლელობაა და არა "ნარინჯისფერი" ან სხვა რომელიმე ფერის რევოლუცია. იგი ჩვენთან არ იქნება", _ აცხადებს ალა ჯიოევა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ცხინვალის მოედანზე 700 მდე ჯიოევას მომხრეა შეკრებილი.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტი" საგანგებო სხდომის ჩასატარებლად იკრიბება. ამავდროულად, ე.წ. მიმდინარეობს სასამართლოს სხდომა, რომელიც ე.წ. კანდიდატის ანატოლი ბიბილოვის სარჩელს განიხილავს. ბიბილოვი არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და ყოველივე ამას სასამართლოში აპროტესტებს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო წინასწარი მონაცემით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურში ალა ჯიოევამ მოწინააღმდე ანატოლი ბიბილოვს 16 % ით გაუსწრო.