ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა აცხადებს, რომ მას შესაძლო პროვოკაციების ეშინია და ასევე შიშობს, რომ არ მოხდეს შეტაკება მის მომხრეებსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის.
"უმაღლესი სასამართლოს მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადება ერთი დღით გადაიდო, ჩემს სახლთან ჩემმა მომხრეებმა იწყეს თავმოყრა. ძალიან მეშინია, მათ და რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის შეტაკება არ მოხდეს" _ განაცხადა ჯიოევამ ცხინვალში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამჟამად, ალა ჯიოევას სახლთან, სადაც მისი ე.წ. წინასაარჩევნო შტაბია განთავსებული დაახლოებით 500 ადამიანი იმყოფება. ძირითადად ეს მამაკაცები არიან. ისინი ჯერ ჯერობით, არავითარ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს არ მიმართავენ.
შეგახსნებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ცესკოს" თავმჯდომარის ბელა ფლიევას მიერ გამოცხადებული ამ დროისათვის არსებული შედეგების მიხედვით, ამჟამად დამუშავებულია 74 საარჩევნო უბნის მონაცემი - სულ 85 საარჩევნო უბანია.
74 საარჩევნო უბნის მონაცემის მიხედვით, ალა ჯიოევას ხმა 14, 828 ამომრჩეველმა ანუ 56, 74 % მისცა, ანატოლი ბიბილოვს კი 10 462 ამომრჩეველმა ანუ 40 %. ორივეს წინააღმდეგ ხმა 299 ამომრჩეველმა მისცა.