ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა თავის კონკურენტს ანატოლი ბიბილოვს მიუწოდებს არჩევნებში თავისი დამარცხება აღიაროს.
"მოვუწოდებ ანატოლი ბიბილოვს აღიაროს თავისი დამარცხება. გაიმარჯვა ღირსეულთა შორის ღირსეულმა", _ განაცხადა ჯიოევამ ორშაბათს ე.წ. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების შემდეგ.
ჯიოევას ნდობით აღჭურვილი პირი ანატოლი ბარანკევიჩი აცხადებს, რომ ალა ჯიოევა თავის მოწინააღმდეგეს საარჩევნო უბნების ოქმების 100 % -ის დამუშავების შემდეგ 5350 ხმით უსწრებს.
"ყველა ოქმზე თავად ანატოლი ბიბილოვის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელთა ხელმოწერები და ბეჭდებია და ამ ციფრების უარყოფა შეუძლებელია", _ აცხადებს ბარანკევიჩი.
ე.წ. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, იმის გათვალისწინებით, რომ დამუშავებულია ბიულეტენების 50.59% ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ალა ჯიოევას ხმა ამომრჩეველთა 51, 37 % მისცა, ანატოლი ბიბილოვს კი 46,21 %.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი ოფიციალური შედეგების გამოცხადება, სასამართლოში შესული სარჩელის გამო ერთი დღით გადაიდო.