ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი ოფიციალური შედეგების გამოცხადება ერთი დღით გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადება, უმაღლეს სასამართლოში მმართველ პარტია "ედინსტვო"-დან შესული სარჩელის გამო გადაიდო. სარჩელში გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი", _ განაცხადა ე.წ. უმაღლესი სასამართლოს ხელმძღვანელმა აცამაზ ბიჩენოვმა.
მისივე თქმით, სარჩელის განხილვას ერთი დღე დასჭირდება, მანამდე კი ე.წ. ცესკო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ვერ შეძლებს.
"საუბარი მიდის ამომრჩევნების მოსყიდვაზე, უკანონო აგიტაციაზე არჩევმნების მიმდინარეობის დროს. ვიმეორებ, ეს მხოლოდ ის სარჩელია, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ. სარჩელის კანონიერება თუ უკანონობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება", _ განაცხადა ბიჩენოვმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით არჩევნების მეორე ტურში ჯერ ჯერობით ალა ჯიოევა ლიდერობს.