ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე სეპარატისტული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ბელა პლიევას და კომისიის ოთხ წევრს დაემუქრნენ.
ბელა პლიევას თქმით, მუქარის ზარები მისი და კომისიის წევრების ტელეფონებზე 17:00 საათიდან გაისმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ მეორე ტურის არჩევნების შედეგებთან მიმართებაში „სწორი გადაწყვეტილების" მიღება „ურჩიეს".
პლიევას განცხადებით, ზარის ავტორს არ დაუკონკრეტებია თუ რას ნიშნავდა „სწორი გადაწყვეტილება".
შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 13 ნოემბერს გაიმართა, ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს ანატოლი ბიბილოვმა 25, 44 % და ალა ჯიოევამ 25, 37 %.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" პოსტზე პრეტენზიას 11 კანდიდატი აცხადებდა.. ესენი არიან:
ალა ჯიოევა - განათლების ე.წ. ყოფილი მინისტრი; ანატოლი ბიბილოვი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს უფროსი; ალან კოტაევი - ცხინვალის ე.წ. მერის პირველი მოადგილე;
ვლადიმერ ქელეხსაევი - ე.წ. ყოფილი დეპუტატი;
ალან ფლიევი - ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ვადიმ ცხოვრებოვი - პურპროდუქტების ქარხნის დირექტორი;
გიორგი კაბისოვი - ინფორმაციის, კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების ე.წ სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე;
დიმიტრი ტასოევი - გაუქმებული სოციალ-დემოკრატიული პატრიის ლიდერი;
სერგეი ბიტიევი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს მთავარი აღმასრულებელი;
ჯემალ ჯიგკაევი - ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს დიაგნოსტიკური განყოფილების გამგე'
სოსლან თედეტი - ე.წ. შს სამინისტროს მაღალჩინოსანი;
ე.წ. ცესკომ "პრეზიდენტობის კანდიდატად" დარეგისტრებაზე უარი უთხრა:
მხატვარ გენო ქაჯაევს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადვოკატების პალატის წევრს ვასილი ბესტაევს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს ლევ გაგიევს, ე.წ. სახრეთ ოსეთის ყოფილ "თავდაცვის მინისტრს" ვალერი თედეევს და თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჯამბოლატ თედეევს. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ოს სეპარატისტთა ლიდერის მთავარ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა და იგი ედუარდ კოკოითმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევა.