ხვალ, 27 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. რუსული მედიის ინფორმაციით, მეორე ტურში გამარჯვებას სავარაუდოდ ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელი ანატოლი ბიბილოვი მოიპოვებს. განათლების ექს-მინისტრს და ოპოზიციის ლიდერს, ალა ჯიოევას, რომელმაც პირველ ტურში ბიბილოვზე უმნიშვნელოდ ნაკლები ხმები დააგროვა, რუსი ექსპერტები დამარცხებას უწინასწარმეტყველებენ.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 13 ნოემბერს გაიმართა, ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს ანატოლი ბიბილოვმა 25, 44 % და ალა ჯიოევამ 25, 37 %.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რუსული ენის "სახელმწიფო" სტატუსის შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" პოსტზე პრეტენზიას 11 კანდიდატი აცხადებდა.. ესენი არიან:
ალა ჯიოევა - განათლების ე.წ. ყოფილი მინისტრი; ანატოლი ბიბილოვი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს უფროსი; ალან კოტაევი - ცხინვალის ე.წ. მერის პირველი მოადგილე;
ვლადიმერ ქელეხსაევი - ე.წ. ყოფილი დეპუტატი;
ალან ფლიევი - ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ვადიმ ცხოვრებოვი - პურპროდუქტების ქარხნის დირექტორი;
გიორგი კაბისოვი - ინფორმაციის, კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების ე.წ სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე;
დიმიტრი ტასოევი - გაუქმებული სოციალ-დემოკრატიული პატრიის ლიდერი;
სერგეი ბიტიევი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს მთავარი აღმასრულებელი;
ჯემალ ჯიგკაევი - ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს დიაგნოსტიკური განყოფილების გამგე'
სოსლან თედეტი - ე.წ. შს სამინისტროს მაღალჩინოსანი;
ე.წ. ცესკომ "პრეზიდენტობის კანდიდატად" დარეგისტრებაზე უარი უთხრა:
მხატვარ გენო ქაჯაევს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადვოკატების პალატის წევრს ვასილი ბესტაევს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს ლევ გაგიევს, ე.წ. სახრეთ ოსეთის ყოფილ "თავდაცვის მინისტრს" ვალერი თედეევს და თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჯამბოლატ თედეევს. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ოს სეპარატისტთა ლიდერის მთავარ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა და იგი ედუარდ კოკოითმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევა.