დღეს, 22 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში პუბლიკაციის "ქართულ-ოსური კონფლიქტი: სამშვიდობო გზის ძიება" პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში 2011 წელს განხორციელებული კვლევითი პროექტის ფარგლებში მომზადდა.
პრეზენტაციაზე ქართული მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ კვლევის შედეგებს უშუალოდ პროექტის მონაწილეებისგან. ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცემა პუბლიკაციის ასლი.
2011 წელს საქართველოს სტრატეგიისა და სერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა განახორციელა კვლევითი პროექტი "ქართულ-ოსური კონფლიქტი: სამშვიდობო გზის ძიება". კვლევის მიზანს წარმოადგენდა დაპირისპირებულ მხარეთა შორის ნდობის აღდგენის პოტენციალის შესწავლა. ამისათვის მოწვეულმა სამმა ქართველმა მკვლევარმა თავიანთ ნარკვევებში აქცენტი 2008 წლის მოვლენების შედეგების ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებზე გააკეთა. კვლევა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოიცა.
კვლევითი პროექტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ფარგლებში შესრულდა.