საკალათბურთო კლუბი „სოხუმის" მთავარ მწვრთნელად ცნობილი ლიტველი სპეციალისტი რიმვიდას სამულენასი დაინიშნა. რიმვიდას სამულენასი თბილისში დღეს ჩამოვიდა.
როგორც კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება კლუბის მფლობელმა და პრეზიდენტმა მინდია გულუამ კლუბის სასწავლო-სავარჯიშო პროცესის გაუმჯობესებისა და კლუბის სათამაშო ხარისხის გაზრდის მიზნით მიიღო.
„სოხუმის" მთავარი მწვრთნელის პირველი ასისტენტი ვაჟა კვარაცხელია გახდა. კვარაცხელია 1995-2010 წწ. კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო და 2011 წლის 1 ნოემბრიდან დროებით ასრულებდა მთავარი მწვრთნელის მოვალეობას.
რიმვიდას სამულენასის მეორე ასისტენტად 90-იანი წლების მიწურულს სოხუმის „კოლხას" ყოფილი კალათბურთელი და კაპიტანი გიორგი ბენდიანიშვილი იმუშავებს.
რიმვიდას სამულენას 1973 წლიდან კაუნასის „ჟალგირისის" ბავშვთა, შემდგომ კი ჭაბუკთა და ახალგაზრდულ გუნდებში არვიდას საბონისთან, შარუნას მარჩულონისთან და რამუნას ბუტაუტასთან ერთად თამაშობდა.
1999-2004 წწ - არვიდას საბონისის სახელობის სპორტული სკოლის მწვრთნელი, 2003 წლიდან ლიტვის 20 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, 2004 -2008 - „ჟალგირის-საბონისის სკოლა", ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი. 2008-2009 - ლიტვის 20 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (U 20), 2008-2009 - კლუბ „ტრიობეტის" (კაუნასი) მთავარი მწვრთნელი, 2009-2010 - „Aisčiai"-ის (კაუნასი) მთავარი მწვრთნელი, 2009 - 2010 - ლიტვის 20 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (U 20), 2010 - 2011 - კლუბ „კაუნასის" მთავარი მწვრთნელი, 2011 წელი - ლიტვის სტუდენტური ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.