„სიყვარულის ბალადა" შეყვარებული წყვილისთვის ძალიან საინტერესო სანახავია, მით უმეტეს, უკანა რიგში მყოფთათვის", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ.
ბაჩო ქაჯაიას საზოგადოება სერიალ „შუა ქალაქიდან" იცნობს. როგორც მან „ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნა საშიშროება იმის, რომ „ლაშას" პერსონაჟი დაემსგავსებოდა ახალ გმირს დიდი იყო, თუმცა, მსახიობი მიიჩნევს, რომ „სიყვარულის ბალადაში" მან განსხვავებული როლი მოირგო.
"ვფიქრობ, მაყურებელი იგივეს რასაც „შუა ქალაქში" ლაშას ხედავს ამ ფილმში ვერ ნახავს. ვშიშობდი, რომ არ დამსგავსებოდა იმიტომ რომ თრილერშიც ჩანს, რომ ჩემი პერსონაჟი ჭამასთან ასოცირდება, მაგრამ ვფიქრობ, რეჟისორები ამას ჩემი ჰაბიტუსიდან გამომდინარე აქცევენ ყურადღებას. კომერციული ფილმია და ვთვლი, რომ ბევრი მაყურებელი მოვა, რადგან სწორად არის განვითარებული სცენარი", - განაცხადა ქაჯაიამ.
ახალი ქართული რომანტიულ კომედიაში მონაწილეობას 5 მთავარი მოქმედი პირი იღებს, მათ შორის რუსკა მაყაშვილი ერთადერთი გოგოა, რომელიც ფილმში მთავარ როლს „ქეთას" თამაშობს.
„გადამღები ჯგუფი, მსახიობები და ყველა ვინც ამ ფილმში იყო ჩართული ვიყავით მეგობრები. ძალიან სახალისოდ მახსენდება გადაღებები. ჩემთვის როგორც მსახიობისთვის ძალიან განსხვავებულია. ვთამაშობ მშვიდ და წყნარ გოგოს. ვცდილობდი, სწორად მეპოვა განვითარება", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" მაყაშვილმა.
გადაღებები 27 დღე მიმდინარეობდა. სიუჟეტი თბილისში, ყვარელში და სიღნაში მიმდინარეობს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან" მსახიობები და გადამღები ჯგუფი აღნიშნავს ფილმი ბანალური თემატიკისაა, თუმცა ძალიან სასაცილო და სასიამოვნო სანახავია.
"ჩემთვის როგორც მსახიობისთვის ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი იყო, იმიტომ რომ ძირითადად ჩემი თაობის გუნდთან მიწევდა მუშაობა, ძალიან ვისიამოვნეთ მუშაობის პროცესში", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" გიორგი ვარდოსანიძემ.
„ეს ის ფილმია, სადაც ადამიანი მოვა, ისიამოვნებს, გაერთობდა და ბედნიერი წავა სახლში. ეს იყო ჩვენი სურვილი და მემგონი გამოგვივიდა", - აღნიშნა „ღამის შოუს" წევრმა დავით ლაბაძემ.
ცნობისთვის, ფილმის დახურული ჩვენება კინოთეატრ „ამირანში" მოეწყო.