"ჩვენებურების" 10 წლის საიუბულეო კონცერტი 26 ნოემბერს ჩატარდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ჯგუფის წევრმა სოლომონ გოგაშვილმა განუცხადა, კონცერტზე ძველი და ახალი თაობის მუსიკოსები წარდგებიან.
"საიბულეო საღამოზე ძველი და ახალი თაობა გავერთიანდებით. ამ სახით ჩვენ ჯერ არ ჩაგვიტარებია კონცერტი, სადაც ტრადიციულ და თანამედროვე მუსიკას შევასრულებთ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გოგაშვილმა.
რუსთავის თეატრში კონცერტზე "ერისიონის" წამყვანი სოლისტი ნუგზარ კურცხალიაც წარდგება. "ჩვენებურების" საიუბილეო საღამოზე სცენაზე ჯგუფთან ერთად ზაზა კორინთელიც გამოვა. თუმცა, როგორც ანსამბლის წევრები აცხადებენ, კონცერტზე დუეტები ნაკლებად იქნება.
"იმპროვიზაცია და დუეტები ნაკლებად იქნება. გვინდა საიუბილეო საღამოზე ჩვენი მოგროვებული და ჩამოტანილი მუსიკები შევასრულოთ. იქნება ბევრი სიახლე, თუმცა შესრულდება ჩვენი ძველი, ტრადიციული სიმღერებიც", - განაცხადა გოგაშვილმა.
ფოლკლორული ანსამბლი "ჩვენებურები" 2001 წელს შეიქმნა. 2004 წლამდე ანსამბლის ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელწიფო აკადემიურ ანსამბლ "ერისიონის" სოლისტი ნუგზარ კურცხალია. 2004 წლიდან კი "ჩვენებურებმა" დამოუკიდებელი მოღვაწეობა განაგრძო.
2004 წელს ანსამბლი "ჩვენებურები" იყო საერთაშორისო ფესტივალ "ჩვენებურების" ერთ-ერთი მასპინძელი და აქტიური მონაწილე. ფესტივალზე ანსამბლი მაყურებლის წინაშე წარდგა საკუთარი რეპერტუარით, ასევე შეასრულა რამდენიმე სიმღერა ცნობილ მომღერალ ბაიარ შაჰინ გუნდარიძესთან ერთად.
"ჩვენებურები" აქტიურად მონაწილეობს ფოლკლორულ ფესტივალ "არტგენის" ორგანიზებაში. 2007 წლის 26 მაისს ანსამბლი "ჩვენებურები" ცნობილ ქართველ მუსიკოს ზაზა კორინთელთან (ზუმბა) ერთად მისივე სიმღერით "გამარჯობა აფხაზეთო შენი" გახდა ეროვნული კონკურსის "პატრინოტის" გამარჯვებული.
2007 წლის 1-ელ სექტემბერს "ჩვენებურები" იყო ერთადერთი ფოლკლორული ანსამბლი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ზემო აფხაზეთში ჩატარებულ ფოლკლორისა და თეატრის ფესტივალში: "ზღვა, რომელიც შორია", სადაც ანსამბლმა ფესტივალის ფარგლებში ზაზა კორინთელთან ერთად სოლოკონცერტი გამართა კოდორის ხეობის მოსახლეობისთვის. ამავე წლის ოქტომბერში, განმუხურის ცნობილი ინცინდენტიდან მეორე დღეს, "ჩვენებურებმა" ზაზა კორინთელთან ერთად განმუხურის პატრიოტთა ბანაკში გამართა კონცერტი ბანაკის ახალგაზრდობისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
2008 წლის 25 მაისს ანსამბლმა "ჩვენებურებმა" კონცერტი გამართა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ადგილობრივი ქისტების ანსამბლ "პანკისთან" და საქართველოში მცხოვრები ფრანგების ანსამბლთან ერთად. 2009 წელს ანსამბლა "ჩვენებურებმა და ეთნო ჯაზ ბენდმა "ზუმბალენდი" შექმნეს ახალი მუსიკალური პროექტი "ასტროჯორჯია". ჩაწერეს ამავე სახელოწოდების აუდიოალბომი, რომლის პრეზენტაციაც პირველად 2010 წლის მაისში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში შედგა.