სოფ. დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ხვალისთვის გადაიდო. შეხვედრაზე უსაფრთხოების, გადაადგილების თავისუფლებისა და დაკავებულების გათავისუფლების საკითხებს განიხილავენ. მათ შორის 11 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისიდან გატაცებული ორი ადგილობრივის, გიორგი გურგენიშვილის და პაატა ჯავახიშვილის საკითხსაც.
„შეხვედრის მოახლოებასთან ერთად განისაზღვრება საკითხების ჩამონათვალი", - აღნიშნა უტიაშვილმა და აღნიშნა, რომ ჯერაც დამატებით არაფერია ცნობილი სოფელ ოძისიდან გატაცებული ადამიანების შესახებ.
როგორია დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ან როდის გაათავისუფლებენ მათ, ამის შესახებ ინფორმაცია არც დაკავებულების ახლობლებს აქვთ.
შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს, სოფელ ოძისიდან ორი ადგილობრივი, გიორგი გურგენიშვილი და პაატა ჯავახიშვილი გაიტაცეს. ისინი ტყეში შეშის მოსაჭრელად იყვნენ წასულები. დაკავებულები საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის იზოლატორში არიან მოთავსებულები.