ოსმა სეპარატისტებმა შესაძლოა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებეში თავისი მონაწილეობა შეაჩერონ. ეს განცხადება დღეს ცხინვალში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან - ფილიპ ლეფორთან (ევროკავშირი), ანტი ტურუნენთან (გაერო) და გენდრიუს ჩეკუოპოლისთან (ეუთო) შეხვედრისას გააკეთა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის ეუთოს წარმომადგენელი პოდრიგ მერფი, რომელიც უახლოეს მომავალში გენდრიუს ჩეკუოპოლისს შეცვლის. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"ჩოჩიევის თქმით, არის ალბათობა იმისა, რომ სამხრეთ ოსეთი დისკუსიებში მონაწილებისაგან დროებით თავს შეიკავებს, მანამ ვიდრე საქართველოს ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი იმყოფება და მანამ ვიდრე ქართული მხარე არ იქნება მზად სამხრეთ ოსეთს ძალის გამოუყენებლობის გარანტია მისცეს", _ იუწყება ოსური მხარე.