ტურიზმის კოლეჯში ''იკაროსში'' ფილმის ''ღვთისმშობლის შესამოსელი'' ჩვენება დღეს 16:00 საათზე გაიმართება, რომელიც საერთაშორისო კინოფესტივალის ''წმინდა ანდრიას ჯვარი'' და ასოციაცია ''მეოხის'' ეგიდით ეწყობა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ფესტივალის ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ განუცხადა ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყობა დისკუსიები და თემის განხილვა.
„ფილმის პარალელურად მოეწყობა გამოფენები, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ იმართება. ჩვენ გვინდა ნიჭიერ ადამიანებს დავეხმაროთ და მივცეთ საშუალება საკუთარი ნამუშევრები გააცნონ საზოგადოებას. ფილმის ჩვენება ეწყობა ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც გვინდა ტრადიციული სახე მივცეთ და ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს მოვაწყოთ ამგვარი საღამოები", - განაცხადა ტაკიძემ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იმართება და ის წელს 18-22 ოქტობერს ბათუმში მოეწყო. მე-6 საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენილი ფილმების ჩვენება კი ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს ტურიზმის კოლეჯში ''იკაროსში''გაიმართება.
ცნობისთვის, ფესტივალის ორგანიზატორები ქართული დიასპორისთვისაც გეგმავს საღამოების მოწყობას. ისინი ივნისში ჩიკაგოში გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს წარადგენენ.