აფხაზური და ოსური მხარეები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე დევნილების საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღებას საერთოდ არ აპირებს. ეს განცხადება სოხუმში მყოფ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ გააკეთა.
"საერთოდ არ ვაპირებთ მოლაპარაკებების მოსალოდნელ რაუნდზე დევნილების საკითხის განხილვას, სამაგიეროდ, მზად ვართ მთელი რიგი სხვა, მაგალითად ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების განხილვაში მონაწილეობისათვის", _ განაცხადა ჩირიკბამ.
მისივე თქმით, აფხაზური მხარე მოლაპარაკებებზე დააყენებს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეების საკითხს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ არიან დაკავებულნი და მათთან დამოუკიდებელ ექსპერტებს მისვლის საშუალებას არ აქვთ. "ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა და ჩვენ ამ საკითხს ჟენევის მოლაპარაკებებზე აუცილებლად დავაყენებთ", _ განაცხადა ჩირიკბამ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 14 დეკემბერს გაიმართება.