ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაა. ეს განცხადება სოხუმში მყოფ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ გააკეთა.
"თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება ჩვენი მიზანია. მისკენ ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია მივდივართ. თუმცა აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემის ხასიათის გათვალიწინებით, ძნელია იფიქრო, რომ ამ მიმართულებით რაიმე სახის გარღვევა იქნება", _ განაცხადა ჩირიკბამ.
თუმცა მისივე თქმით, აფხაზეთი მზად არის იმის განსახილველად რაც საქართველოსა და აფხაზეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევის გზაზე დევს.
"ეს ყველაზე მთავარი მიზანი და აზრია ჟენევის მოლაპარაკებებისა და სწორედ ამიტომაც ვმონაწილეობთ ჩვენ მათში", _ განაცხადა ჩირიკბამ.
მასალის გამოყენების პირობები