კონდოლიზა რაისის განცხადება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს პროვოკაციაში ჩათრევის საშუალება მისცა, არის უნისონში იმ გამონათქვამებისა, რომელიც აქამდე გაუკეთებიათ საქართველოს დასავლელ მეგობრებს. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა.
„ამას ხაზგასმით ვამბობ და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. უბრალოდ არაფრით არ სურდათ საქართველოს მმართველ პოლიტიკურ ელიტას, რომ აღიარონ არა ის რომ მათ ომი დაიწყეს, არამედ ის რომ მათ შეცდომა დაუშვეს, რომ რუსეთის პროვოკაციას აყვნენ", - განაცხადა არეშიძემ „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას არეშიძემ.
არეშიძის თქმით, 2008 წლის ომისთვის მზადება რუსეთმა 2006 წელს დაიწყო. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებმამ საქართველოს ხელისუფლებას მახე დაუგო და ამ მახეში ქართული მხარე გაება.
„მე არ ვამბობ და არასდროს არ ვიტყვი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ომი. ომისთვის მზადება დაიწყო რუსეთმა 2006 წელს. იმ პერიოდიდან 2008 წლამდე მზადება მიმდინარეობდა. ამ მზადების ფორმატში ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების მუდმივი პროვოცირება. რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლება თავისი საქციელით და თავისი რიტორიკით მიყვებოდა ამ ამბავს. მე მქონდა ინფორმაცია ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილ-მაისში, როდესაც უშიშროების საბჭოზე, საბჭოს რამდენიმე წევრი მიხეილ სააკაშვილს უბიძგებდა საომარი მოქმედებების დაწყებისკენ და პრეზიდენტმა მაშინ მათ „დაუცაცხანა" და გააჩერა. შემდგომში, პროცესები უკვე უმართავი გახდა. 2008 წლის ივლისის შუა რიცხვებში გაზეთ „კვირის პალიტრაში" მე დავბეჭდე ზუსტი სქემა როგორ განვითარდებოდა საომარი მოქმედებები. შემდეგ ჩამოვიდა პაველ ფელგენგაუერი მოსკოვიდან და ზუსტად წარუდგინა ხელისუფლებას სქემა თუ როგორ მოხდებოდა ომი, როგორ დაიკარგებოდა კოდორი და ეს ყველაფერი. მაგრამ ყურად არავინ იღო, რადგან პროცესი იყო ძალიან აქტიურად წასული. საქართველოს ხელისუფლებაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც 2004 წლიდან მოყოლებული სულ უნდოდათ ამ სიტუაციაში ჩართვა, ბრძოლის დაწყება. პრეზიდენტს ხელს ვერ დავადებ, რადგან ვიცი, რომ ის იყო კატეგორიული წინააღმდეგი", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას არეშიძემ.
მისი თქმით, აუცილებელია, მოხდეს განსხვავება ომსა და ბრძოლას შორის.
„ახლა ვლაპარაკობთ ომზე. რაც შეეხება ბრძოლას - ამ ორ რამეში განსხვავება არის. ბრძოლის დაწყებად მიიჩნევა 2008 წლის 8 აგვისტო, მაგრამ მანამდე 5 დღის განმავლობაში მიდიოდა მსუბუქი საარტილერიო დაბომბვა ორივე მხრიდან. ჩვენმა მხარემ ამ ხაფანგში გაყო თავი და კონკრეტული ბრძოლა წამოიწყო 8 აგვისტოს", - განაცხადა არეშეძიემ.
შეგახსენებთ, რომ კონდოლიზა რაისი წერს თავის მემუარებში, რომ მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ომის დაწყების პროვოკაციაში ჩათრევის საშუალება მისცა.