საქართველოსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ურთიერთობის შეწყვეტის თარიღი ოფიციალურად დასახელდა. საქართველოს პარლამენტი დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი 2010 წლის 22 იანვრიდან აღარ იქნება. ეს განცხადება დღეს დსთ-ს საპარლამენტო ასსამბლეის საბჭოს თავმჯდომარემ, ფედერაციის საბჭოს სპიკერმა სერგეი მირონოვმა გააკეთა.
მირონოვის თქმით, დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის დატოვების შესახებ საქართველოს მხრიდან განცხადება ორგანიზაციაში 22 ივლისს შევიდა. არის მექანიზმი, რომლის თანახმადაც, წევრობა ამგვარი განაცხადის მიღებიდან ნახევარი წლის გახსლის შემდეგ წყდება.
"ასე რომ 2010 წლის 22 იანვრიდან საქართველო დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი აღარ იქნება", _ განაცხადა მირონოვმა და დასძინა, რომ საქართველოს პარლამენტარები 11 თვის განმავლობაში ფიქრობდნენ და "ეს ნორმალურია და შესაძლოა მათ სულაც არ უნდოდათ ჩვენი საპარლამენტო ასამბლეის დატოვება. სხვათა შორის ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვმუშაობდით და ჩვე კარგი გამოცდილებაც გვქონდა".
ლებედევი მიესალმა საქართველოს ყოფნას 75 ხელშეკრულებაში, რომლებიც დსთ-ს ფარგლებშია გაფორმებული. ეს ხელშეკრულებები ეკონომიკურ ურთიერთობებს, რკინიგზის საბჭოში მონაწილეობას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კოორინაციას არეგულირებს. თან ეს ისეთი ხელშეკრულებებია, რომლებიც მათში ისეთ სახელმწიფოთა მონაწილეობას გულისხობს, რომლებიც დსთ-ს წევრები არ არიან.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა და დსთ-ს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.