2010 წლის 1-ლი იანვრიდან გაეროს უშიშროების საბჭოში შევლენ ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრაზილია, გაბონი, ლიბანი და ნიგერია.
ხუთივე მათგანი არჩევნების პირველ ტურში იქნა არჩეული. მიმდინარე წელს, 2004 წლიდან პირველად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეას ყველა რეგიონალური ჯგუფიდან თითო კანდიდატურა წარედგინა.
გაეროს უშიშროების საბჭო შედგება ორგანიზაციის წევრი 15 წევრისგან, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ და ჩინეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებიც არიან, დანარჩენი 10 არამუდმივი წევრი აირჩევა გენერალური ასამბლეის მიერ 2 წლის ვადით და ყოველწლიურად ხდება 5 მათგანის შეცვლა.
გასულ წელს, უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები 2009-2010 წლებისთვის გახდნენ: ავსტრია, იაპონია, მექსიკა, თურქეთი და უგანდა. ახალი წევრების არჩევის შემდგომ უშიშროების საბჭოს დატოვებენ ბურკინა ფასო, ვიეტნამი, კოსტარიკა, ლიბია და ხორვატია.
უშიშროების საბჭო პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ეს არის გაეროს ერთადერთი ორგანო, რომლის გადაწყვეტილებაც აუცილებელია ორგანიზაციის ყველა წევრისთვის. უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები აირჩევიან ხმის უმრავლესობით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეთა 2/3-ით.